დავით სერგეენკო - ნიკა მელიაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ, კანონიერ გზას უნდა მივყვეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო ნიკა მელიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ყველა კანონიერ გზას უნდა მიჰყვეს.
„ღრმად მწამს, რომ რაც არ უნდა პოლიტიკური თუ რაიმე სხვა სახის ინტერესები გქონდეს, არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასე ჩასაფრება. სასამართლოა, რაც არ უნდა თვლიდე, რომ არ არის შენთვის მისაღები გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ შევაფასებ, რატომ მიიღო ეს და რა ამას რა შეიძლება მოჰყვეს. უბრალოდ კანონიერ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გირაოს არ გადახდის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.