დავით სერგეენკო - მთელ მსოფლიოში ყველა თეთრი, თუ შავი შურით გვიყურებს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი უპრეცედენტოა
მთელ მსოფლიოში ყველა რაღაც თეთრი, თუ შავი შურით გვიყურებს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მართლაც უპრეცედენტოა და ასეთი რამ არსად ხდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„უკვე 48 000-მა ადამიანმა იმკურნალა და განკურნების მაჩვენებელი წარმოუდგენლად მაღალი, 98,2% -ია. ვინც მძიმე იყო, ამის შესახებ იცოდა და მკურნალობის კურსი უკვე გაიარა, მაგრამ პოტენციურად, გვყავს 100 000 ადამიანი, რომლის 90%-ზე მეტმა არ იცის, რომ ეს დაავადება სჭირს, რადგან საწყისი სტადიაა და არაფერი არ აწუხებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 800 000 სკრინინგი, ანუ, მარტივი ტესტი ჩატარდა, რაც ყველასთვის უფასო იყო და არის.
„მოქალაქეებს მოვუწოდებ, სკრინინგი, ანუ, მარტივი ტესტი ყველამ ჩაიტაროს. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რა რისკებშია და თვლის თუ არა, რომ შეიძლება, C ჰეპატიტი ჰქონდეს. სკრინინგი ყველამ უნდა გაიკეთოს, რადგან პროექტი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. გავა რამდენიმე წელი და ადამიანები ამ დაავადებასთან ერთი-ერთზე დარჩებიან. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და უფასო სკრინინგი ჩაიტაროთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.