დავით სერგეენკო - მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ასე გამოეხმაურა მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინიციატივას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მისი თქმით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა დემოგრაფიის კუთხით.
„წინა წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახროციელეთ ამ მხრივ. ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის კუთხით დღეს გაცხადებული ინიციატივა, ერთ-ერთი ეტაპია. ახლა რთული იქნება სათქმელად, რა რესურსიდან გამოთავისუფლდება ეს თანხა. ამას, დამატებითი კონსულტაციები სჭირდება. თუმცა, ვადასტურებ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელშიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ლიდერობს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.