დავით სერგეენკო - მინდელის შახტში დაშავებულებულებს ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ
ტყიბულში, მინდელის შახტში დაზიანებები სულ ექვსმა პაციენტმა მიიღო, მათგან ერთი უკვე ბინაზე გაეწერა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
„ხუთ დაშავებულ მეშახტეს თბილისში გადმოიყვანენ. ერთი უკვე მოიყვანეს 25%-იანი დამწვრობით, მეორე პაციენტსაც მალე შემოიყვანენ. ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ. დანარჩენები საბედნიეროდ საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. დიდი ფართობის დამწვრობაა და რთულია პროგნოზირება. მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.