დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი ნაბიჯებია გადასადგმელი
პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისასალმებელია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ მთავრობის პრიორიტეტი იქნება.
თუმცა, მისივე თქმით, ადამიანები არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებზე მათი შემოსავლის 25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ და ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი, რომ ამ მიმართულებით „კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს“.
დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია აუცილებელი.
„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე.
საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი და აუცილებელია ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, ძალიან მიზანმიმართული და, შეიძლება ითქვას, ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს წინ დახვდება მისი სიმეტრიული უკუძალები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა რიგის პრიორიტეტი არის ხელისუფლებისთვის ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნული საკითხის გადაჭრას მოხმარდება.
„ეს არის უმაღლესი რიგის პრიორიტეტი, პირველი რიგის პრიორიტეტი, თუ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი? რამდენად გაქვთ მზადყოფნა, რომ ამ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაში მიიღოთ მონაწილეობა?“, – დასძინა დავით სერგეენკომ.