დავით სერგეენკო - მედიკამენტების მწარმოებლებმა დაავადებების დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებასა და ხელსაწყო-აპარატების მიწოდებაში მონაწილეობის მზაობაც გამოთქვეს
დავით სერგეენკო - მედიკამენტების მწარმოებლებმა დაავადებების დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებასა და ხელსაწყო-აპარატების მიწოდებაში მონაწილეობის მზაობაც გამოთქვეს

რიგ მწარმოებლებს ჰქონდათ მზაობა, არამარტო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმ დაავადების დროს დახმარებაში, რის სამკურნალო მედიკამენტსაც თვითონ აწარმოებენ – დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებაში თუ გარკვეული ხელსაწყო აპარატების მიწოდებაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც საინტერესო მოსაზრებები დაფიქსირდა.

„ჩვენ ორი კვირის წინ შევიკრიბეთ და გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ არსებობს რესურსი, რათა, ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებით, შევძლოთ მოსახლეობისათვის მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. იყო ძალიან საინტერესო მოსაზრებები. ერთი მხრივ, მზაობა იყო, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლებელი ყოფილიყო გარკვეული ფასდაკლებები. მეორე მხრივ, რიგ მწარმოებლებს ჰქონდათ მზაობა, რომ არამარტო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმ დაავადების დროს დახმარებაში, რის სამკურნალო მედიკამენტსაც თვითონ აწარმოებენ – დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებაში თუ გარკვეული ხელსაწყო აპარატების მიწოდებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის უკვე რეალური პარტნიორობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, საჭიროა კონკრეტული შეთავაზებების ერთ სისტემაში მოყვანა.

„ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურმა კონსულტაციებმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებლობები არსებობს. პრაქტიკულად თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა მზაობა და არამხოლოდ მზაობა და კონკრეტული შეთავაზებები, როგორ შეიძლება იმ მიზნის მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს. საჭიროა კონკრეტული შეთავაზებების ერთ სისტემაში მოყვანა, რათა ჩვენ მივიღოთ შედეგი. მე გთავაზობთ თანამშრომლობის ისეთ მოდელს, რომელშიც უკლებლივ ყველა კომპანია იქნება ჩართული. არამხოლოდ როგორც ბიზნესსუბიექტი, რომელიც გარკვეულ ფასდათმობებზე საუბრობს, არამედ რეალური პარტნიორი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.