დავით სერგეენკო - მცოცავი ოკუპაცია, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით, მიუღებელია
მცოცავი ოკუპაცია ადამიანური, ყველანაირი ლოგიკით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
დავით სერგეენკომ კომენტარი გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვის განახლებაზე.
მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს და აღნიშნა, რომ მოლოდინი ოპტიმისტურია.
„სამწუხაროდ, ჩვენ ძალისმიერი შერკინება და ვითარების გამწვავება არ შეგვიძლია, ამიტომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი გვაქვს და ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, კითხვაზე, რა ბერკეტი არსებობს, რათა რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაცია გადაიხადოს, სერგეენკომ უპასუხა:
„საერთაშორისო სამართალს ბევრი ბერკეტი აქვს და არასოდეს ყოფილა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვებად დარჩენილიყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ნებისმიერ ქვეყანას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა. ამასთან, უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, დეპორტირებულთა საქმეზე რუსეთს ვალდებულების შესასრულებლად საბოლოო ვადა განუსაზღვრა.