დავით სერგეენკო - მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს
მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაატარა მოვლენებს შორის.
„ფაქტია, რომ წინასაარჩევნო ტემპერატურა მატულობს. გახარიას გუნდის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია. მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯებს გადადგამენ, თუმცა ჩემი აზრით, მათთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მკაფიო პროგრამული ხედვის ჩამოყალიბება და საზოგადოებას წარმოდგენა ექნება, თუ როგორია მათი ხედვა პოლიტიკურ მომავალზე. არ მგონია, რომ მხოლოდ გასაჩივრებით ამომრჩეველი შეემატოთ.
მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს. ვინაიდან, მასთან იყო დაკავშირებული ის მოარული ხმები, თითქოს, ეს პარტია მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, მან განცხადება ცალსახად გააკეთა და ხისტად გაემიჯნა, რადგან ის დეფინიციები, რაც გამოიყენა, ხისტი გამოთქმაა, რომ ეს არის პარტიისა და სახელმწიფოს ღალატი.
გიორგი გახარიას იმის შესაძლებლობა ექნება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაატარა მოვლენებს შორის. გიორგი გახარიას ნაბიჯი ყველაზე ცოტა გაუგებარი იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ის ითვლებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერად და როცა ასეთ გადაწყვეტილებას მედიიდან იღებ, ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.