დავით სერგეენკო - კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია
კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, უნდა მივიყვანოთ შეგნებამდე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკო თბილიში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მართლაც დიდი ტრაგედიაა ყველანაირად, ადამიანურად. როგორც სახელმწიფო მოხელეს, მართლაც უზმოდ მტკივა გული ამ ტრაგედიის გამო. საქმე ისაა, რომ მარტო კანონმდებლობის გამკაცრება, რომელიც უკვე მოხდა არ არის საკმარისი, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო შრომითი გარემო შეიქმნას. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ხშირად ეს საკითხები ასოცირდება მხოლოდ მეტ შრომის ინსპექტორთან. შრომითი ინსპექცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი ნაწილია. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. უპირველესად, თავად კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა. მთელი რიგი ნაბიჯების მიუხედავად, ვერ გავჩერდებით მიღწეულზე, რადგანაც მდგომარეობა უკიდურესაც საყურადღებოა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, უმნიშვნელოვანესია, უმოკლეს ვადებში გაირკვეს რეალური მიზეზები, რამ გამოიწვია ტრაგედია.
„აქედან უნდა ავაწყოთ ჩვენი მოქმედება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრას ოთხი ფაქტორი – შრომის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს სისტემური ხარვეზის არსებობას, მაგრამ არ ატარებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის; მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე – კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. რა გაკეთდა ამ ოთხი ფაქტორის მოსაგვარებლად. 2013 წელსვე შრომის კოდექსი შეიცვალა, 2015 წელს დაფუძნდა შრომის ინსპექცია, შარშან შევიდა კანონი ძალაში, რომლითაც შრომით ინსპექტორებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე შეეძლოთ მძიმე და მავნე ინდუსტრიის საწარმოებში შესვლა და წელს შევიდა კანონი, როდესაც ნებისმიერი ინდუსტრიის შემოწმება გახდა შესაძლებელი. თუმცა საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახურის არსებობა. შედეგი ამას ნაკლები ექნება და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამას, მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ნორმების დაცვა არის აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, სასჯელი გარდაუვალია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.