დავით სერგეენკო -კლინიკების 90%–ზე მეტი კერძოა და თუ ეს პარიტეტი გაგრძელდა, სისტემის მართვა ძალიან გართულდება
დღესდღეობით, კლინიკების 90%–ზე მეტი კერძოა და თუ ეს პარიტეტი გაგრძელდა, სისტემის მართვა ძალიან გართულდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„კერძო კლინიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა წელიწადზე ნაკლებ დროში ასეთი ქანქარისებური ეფექტი ხდება და სახელმწიფოს სახელმწიფო დაწესებულებების საყრდენი აღარ რჩება, სადაც ფასისა და ხარისხის ეტალონურ თამასას შექმნის, რასაც სხვებიც გაუსწორდებიან, ამ მდგომარეობით მომავალში სისტემის მართვა ძალიან გართულდება. ხარჯები მუდმივად გაიზრდება და ხარისხი, ალბათ, კლებისკენ წავა, ამიტომ, გეგმაში გვაქვს, სახელმწიფო საპირწონეები შევქმნათ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ბოლო წლებში, კლინიკების რაოდენობით საქართველო საშუალო ევროპულ დონეზე ავიდა, თუმცა სახეზეა მათი არათანაბარი გადანაწილება, როცა რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა ძალიან ცოტა, დიდ ქალაქებში კი ძალიან ბევრია და კლინიკების ხარისხის სტრუქტურა ჯერ ბუნდოვანია.
„ამიტომ, ჩვენ სელექტიური კონტრაქტირების მოდელის გამოყენება დავიწყეთ. სანებართვო პირობების ზევით ვაწესებთ თამასას და ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც ამ თამასას დააკმაყოფილებენ. ამ თამასის დაკმაყოფილება კი მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის კლინიკებს შეუძლიათ, რომლებსაც ნაკლები გართულება, შესაბამისად, ნაკლები ხარჯი და მოვლის მაღალი ხარისხი აქვთ“, – განაცხადა სერგეენკომ.