გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ტენდენცია კლებადია, – ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 100 000 მოსახლეზე გრიპის შემთხვევების შეჯამებული მონაცემი ორშაბათს იქნება ცნობილი.
„მთავარი მახასიათებელი, 100 000-ზე დაავადების რაოდენობა კვირაში ერთხელ ითვლება. ორშაბათს დილით გვექნება შეჯამებული მონაცემები, თუმცა დღეს გვიან ღამე წინასწარი მონაცემები იქნება ცნობილი. კლინიკებიდან მოწოდებული შეუჯამებელი მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ ტენდენცია კლებადია. პიკი იყო 277 შემთხვევა, შემდეგ 256. ვფიქრობ, ახლა უფრო ნაკლები იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ამბულატორიებში მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია, თუმცა ნაკადი იკლებს.
„დღეს დღის განმავლობაში საბედნიეროდ, დადასტურებული გრიპის ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამბულატორიებში მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია, რაც კარგია, რადგან დროულად მიმართვაა, თუმცა ნაკადი საგრძნობად იკლებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სტაციონარებში სულ 640-მდე პაციენტია, საიდანაც 42 რეანიმაციულ განყოფილებებშია.