დავით სერგეენკო - ღია მსჯელობა გაიმართება, ვის და რა მოცემულობით შეეხება „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ვის და რა მოცემულობით შეეხება აღნიშნული კანონპროექტი, ამასთან დაკავშირებით ღია მსჯელობა გაიმართება.
„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ვის შეეხება და რა მოცულობით, ამაზე იქნება ღია მსჯელობა და საზოგადოებას საშუალება ექნება, საქმის კურსში იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე: „ რატომ არ ეხება კანონპროეტი გიორგი რურუას, ასევე დავით გარეჯის საქმეს“, სერგეენკომ განაცხადა, რომ „ამნისტიის შესახებ” კანონი არის ზოგადი და კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე არ არის მიმართული.
„ოპოზიციის ნაწილის კითხვა, რატომ არ შეეხება ამნისტია კონკრეტულ ადამიანებს, „ამნისტიის შესახებ” კანონი არის ზოგადი და დანაშაულების სახეობას ეხება, ის არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მუხლებს შეეხება, ღია მსჯელობა იქნება, საბოლოო კანონი არ არის. განხილვებში ჩართვის საშუალება ყველას ექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.