დავით სერგეენკო - გამოძიებამ ეფექტიანად უნდა იმუშავოს, რომ ამ საქმეს ჩამოაცილოს პოლიტიკური შემადგენელი და საზოგადოებას მშრალი ინფორმაცია მიაწოდოს სამართლებრივ შემადგენელზე
გამოძიებამ, ალბათ ეფექტიანად უნდა იმუშავოს, რომ ამ საქმეს ჩამოაცილოს პოლიტიკური შემადგენელი და საზოგადოებას მშრალი ინფორმაცია მიაწოდოს სამართლებრივ შემადგენელზე, ამის მერე ყველაფერი გარკვეული იქნება და არანაირი საფრთხე არც ევროინტეგრაციის და არც ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არ დაგვემუქრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს განვითარებულ მოვლენებში ჭარბად დიდია პოლიტიკური და კომუნიკაციური შემადგენელი.
„ამერიკის საელჩოს განცხადება ეხებოდა სულ რამდენიმე საათის წინ მომხდარ ამბავს. შესაბამისად, წინა პერიოდში ვერ იქნებოდა ამაზე კომუნიკაცია. ამ დილით მომხდარ ამბავზე გააკეთა რეაგირება ამერიკის საელჩომ, სადაც აღწერილობით ნაწილში ერთ-ერთი წინადადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნატო-კენ მიმავალ გზაზე საქართველომ უკან დაიხია. ნატო-სთან მიმავალი გზა ძალიან რთულია, თუმცა საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა. ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონია წინსვლაც და უკან დახევაც, მაგალითად, 2008 წელში. ინფორმაცია და კომუნიკაცია ისეთი რამეა, რომლის ზედმეტობაც არ არის და ყოველთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია. რაც შეეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას, შეხსენებას გავაკეთებ, რომ სულ რაღაც ორიოდე თვის წინ უკლებლივ ყველა მათგანი მოუწოდებდა ოპოზიციას, შემოსულიყვნენ პარლამენტში, თუმცა მათი მოწოდება სრულად მიღებული არ იქნა. დღეს დილით განვითარებულ მოვლენებში ზედმეტად, ჭარბად დიდია პოლიტიკური და კომინიკაციური შემადგენელი. გამოძიებამ, ალბათ ეფექტიანად უნდა იმუშავოს, რომ ჩამოაცილოს პოლიტიკური შემადგენელი და საზოგადოებას მშრალი ინფორმაცია მიაწოდოს ამ სამართლებრივ შემადგენელზე. ამის მერე ყველაფერი გარკვეული იქნება და არანაირი საფრთხე არც ევროინტეგრაციის და არც ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არ დაგვემუქრება“, – განაცხადა სერგეენკომ.