დავით სერგეენკო - მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს
დავით სერგეენკო - მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს

ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ არ უნდა დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ეს თემა ძალიან რეზონანსული და ერთგვარად მტკივნეულია. ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ ჩემი მოსაზრება ასეთია – არ უნდა დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ეს უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში. მე ვერ ჩავერევი საკუთრივ საგამოძიებო პროცესებში, არ ვარ იურისტი და გამიჭირდება მსჯელობა, ჯერ უნდა გავრცელებულიყო ინფორმაცია და მერე ყოფილიყო მიღებული ზომები, თუ პირიქით. მე გულწრფელად მჯერა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.