დავით სერგეენკო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „იუნისეფის“ მენეჯმენტს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
ერთ-ერთი პირველი შეხვედრა დავით სერგეენკომ ნიუ იორკში გაეროს ბავშვთა ფონდში გამართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა განაცხადა, რომ „იუნისეფი“ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
ქართულმა მხარემ ორგანიზაციის მენეჯმენტს კონკრეტული რეფორმის მხარდაჭერა სთხოვა, რაც ეხება სოციალურ დახმარებებს.
„შეხვედრა გვქონდა იუნისეფის ტოპ მენეჯმენტთან. ისინი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, რაც აქამდეც გვქონდა. ჩვენი სათხოვარი იყო კონკრეტული მხარდაჭერა იმ რეფორმის ფარგლებში, რასაც ახლა ვაპირებთ და რასაც შეიძლება ეწოდოს სოციალური დახმარების, როგორც დასაქმების დემოტივატორის ფაქტორის შემცირება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკო გამოეხმაურა ასევე გენერალური ასამბლეის წლევანდელ სესიაზე წამოწეულ ჯანდაცვის თემებს.
„წამყვან თემებად წარმოჩენილი არის ჯანდაცვითი თემები. ამ, ალბათ, ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან დღეს გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა იმ დაავადებების სამართავად, რომლებიც კვლავაც რჩება სიკვდილობის მთავარ მიზეზად. კონკრეტულად, გამოიყო ტუბერკულოზი და უკვე მიმდინარე შეხვედრებზე არაგადამდები დაავადებები გამოიყოფა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ამ დაავადებებთან ბრძოლა უფრო მეტად კონსოლიდირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.