დავით სერგეენკო - ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სხვა ყველა რესურსი ცალსახად ამოვწურეთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 883 აფთიაქის შემოწმება განვახორციელეთ და 821-ში დარღვევა იყო. მათთვის უამრავი სანქცია გვაქვს დაწესებული. მათ შორის – ლიცენზიის წართმევა, მაგრამ ისინი ამ საქმიანობას მაინც შეუპოვრად აგრძელებდნენ“, – განაცხადა სერგეენკომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშლის თუ არა ხელს აფთიაქებში წამლის ურეცეპტოდ გაცემა ჯანდაცვის ელექტრონულ მოდელზე გადასვლას, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს ვითარება ხელს უშლის არა მხოლოდ ელექტრონულ მოდელზე გადასვლას, არამედ ხარისხის კონტროლსაც.
„უამრავ რაღაცას აფუჭებს ის, რომ აფთიაქები წესების იგნორირებას აკეთებენ. ელექტრონულ მოდელზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა თბილისში არსებული კლინიკებისთვის უკვე სავალდებულო გავხადეთ. ძალიან მალე, ყველაზე გვიან, ერთი წლის განმავლობაში, ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლა სავალდებულო მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.