დავით სერგეენკო - პარტნიორების ნაწილი გვაჩქარებდა, სასამართლო რეფორმაზე ცვლილებები მიგვეღო, მეორე მხრივ, გვისაყვედურეს, რატომ იღებთ ასე სწრაფადო, ვფიქრობ, გამოსავალი სწრაფად მოიძებნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ევროპარლამენტის განცხადებაში სასამართლო რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით არც ერთი კრიტიკული შენიშვნა არ ყოფილა.
მისივე თქმით, კრიტიკული შენიშვნა შეეხებოდა იმას, თუ რატომ ხდება ასე სწრაფად ცვლილებების მიღება.
„ევროპარლამენტის განცხადებაში სასამართლოს რეფორმაზე არის ორი საკითხი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას. პირველია – საკუთრივ რეფორმის შინაარსი, რომელზეც არც ერთი კრიტიკული განცხადება არ ყოფილა. ამ რეფორმის შინარსსა და ფორმაზე არანაირი დებატები არ მიდის. ერთადერთი, რაზეც კრიტიკული შენიშვნა იყო, რატომ ხდება ასე სწრაფად მიღება იმის გარეშე, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტიზა გაევლო. ვენეციის კომისიასთან საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, არ მგონია, აქ რაიმე გადაულახავი პრობლემა იყოს. ხაზს ვუსვამ იმას, რომ შინაარსზე პრობლემა არ ყოფილა. დაინტერესებაა, რატომ არ ნახა ვენეციის კომისიამ. ერთი მხრივ, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი გვაჩქარებდა, რომ სწრაფად მიგვეღო ეს ცვლილებები, მეორე მხრივ, გვისაყვედურეს, რატომ იღებთ ასე სწრაფად. ვფიქრობ, ეს არ არის რაღაც ცუგცვანგი და გამოსავალი სწრაფად მოძებნადია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.