დავით სერგეენკო - ექიმებს ხელი არ უნდა დავაფაროთ, მაგრამ ძალიან სამართლიანები უნდა ვიყოთ
ექიმებს ხელი არ უნდა დავაფაროთ, მაგრამ ძალიან სამართლიანები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მათ განაჩენი გამოვუტანოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მჯერა, არც ერთ ექიმს არ უნდა, მისი პაციენტი ცუდად იყოს, ან მითუმეტეს, გარდაიცვალოს, მაგრამ საკუთრივ პაციენტის წაყვანა და კლინიკური მედიცინა ძალიან რთულია და ექიმებს მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ, რადგან ისინი უკვე ძალიან ცოტა რაღაცას წყვეტენ. ეს მე–20 საუკუნის დასაწყისში იყო, როცა კარგი ექიმი ყველაფერი იყო. ახლა კარგი ექიმი მნიშვნელოვანია, მაგრამ პაციენტის მკურნალობა ძალიან რთული ტექნოლოგიური პროცესია“, – განაცხადა სერგეენკომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის გარდაცვალება ექიმის გულგრილობითა და სისტემის გაუმართაობის შედეგად ხდება, პაციენტების უფლებების დაცვის რა ბერკეტები არსებობს საქართველოში და რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ექიმის შეცდომით პაციენტის გარდაცვალების პრობლემა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას.
„აშშ–ის ჯანდაცვას ძალიან კარგი აღრიცხვისა და სტატისტიკური ანალიზის სისტემა აქვს, რომელიც ყოველწლიურად აანალიზებს, წლის განმავლობაში საექიმო თავიდან აცილებადი შეცდომით რამდენი ადამიანი იღუპება და წარმოიდგინეთ, ბოლო წლების განმავლობაში, აშშ–ში წელიწადში საექიმო თავიდან აცილებადი შეცდომით 250 000 ადამიანი იღუპება. ეს რომ ჩვენს მოსახლეობაზე გადმოვიყვანოთ, საქართველოში იმავე მიზეზით დღეში რვა ადამიანი უნდა იღუპებოდეს. საბედნიეროდ, ეს ციფრები ჩვენ არ გვაქვს. ხაზი მინდა გავუსვა, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სხვაგან საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენთან“, – განაცხადა სერგეენკომ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც პაციენტის გარდაცვალების შემთხვევებს თავიდან აიცილებს და რეაგირებას პოსტფაქტუმ არ გააკეთებს.