დავით სერგეენკო - ელჩები ახმოვანებენ ქვეყნების და არა თავის პირად პოზიციას
დავით სერგეენკო - ელჩები ახმოვანებენ ქვეყნების და არა თავის პირად პოზიციას

ელჩები ქვეყნების პოზიციას ახმოვანებენ და არა თავის პირად პოზიციას. მათი მოხსენიება, როგორც ტყვეებით ვაჭრების, ცალსახად მიუღებელია და არანაირად ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს, პრიქით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ელჩებისადმი ასეთი მიმართვა უცნაური მოსასმენია.

„იმედია, ოპოზიციის ნაწილისაგან მართლაც უცნაური მოსასმენია ასეთი მიმართვა იმ ქვეყნების ელჩებისადმი, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ელჩები იმ ქვეყნების პოზიციას ახმოვანებენ და არა თავის პირად პოზიციას. მათი მოხსენიება, როგორც ტყვეებით ვაჭრების, ცალსახად მიუღებელია და არანაირად ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს, პრიქით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს. გვარამია აცხადებს, რომ „ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო“. ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „პერიოდულად, ზურგში დანას იღებს ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც ეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“.

გვარამიას განცხადებით, „თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.

ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება, ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“.