C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში სახელმწიფო გენეტიკურ კვლევას დააფინანსებს
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში გენეტიკური კვლევის დაფინანსებას დავიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გენეტიკური კვლევის ღირებულება 140 ლარია, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს.
„კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. მოსახლეობა ამ 140 ლარს აღარ დახარჯავს, არამედ ამას სახელწიფო დახარჯავს.
მინდა ვუთხრა ყველას, გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ისინი ამ დაავადებასთან ერთი ერთზე არ დარჩნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 13 აგვისტოს ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას მოახდენს და ისინი კიდევ უფრო გაიაფდება. გარდა ამისა, დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“, გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა უკვე ნახევარ ფასად არის შესაძლებელი.