დავით სერგეენკო - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია
დავით სერგეენკო - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს და არც გვქონია, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, რომლებიც ჩაერთვებიან ქსელურ მართვაში და შეამცირებენ არაპირდაპირ ხარჯებს, რისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმებისა და ექთნების მშვენიერი გუნდი ამჟამად ძველ ინფრასტრუქტურაში მუშაობს. აჭარის მთავრობამ გამოუნახა თანხები და იქვე, იგივე ტერიტორიაზე აუშენა ახალი ინფრასტრუქტურა. სამედიცინო პერსონალი ძველი შენობიდან უნდა გადავიდეს ახალში და განაგრძოს საქმიანობა. გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით შევქმნათ რამდენიმე სანიმუშო კლინიკა, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთოთ კლინიკები, რომ შევამციროთ არაპირდაპირი ხარჯები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან თანხების მობილიზების კუთხით.

„აღჭურვასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან, რათა ვნახოთ, რა თანხის მიღება იქნება შესაძლებელი მათი მხრიდან, რა თანხა დააწვება დარჩენილ ტვირთად ბიუჯეტს. ამასთან ერთად, ვაკეთებთ აღჭურვილობის ჩამონათვალის ძალიან დეტალურ ანალიზს. გვინდოდა ეს ყველაფერი ერთიანი ხარისხის თამასის კონცეფციაში მოგვექცია. თუ ეს ფაქტი მათ ძაბავთ, განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.