დავით სერგეენკო - ალბათ რეგიონებში უფრო მეტი უნდა მევლო და მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა პირადად განმემარტა 
დავით სერგეენკო - ალბათ რეგიონებში უფრო მეტი უნდა მევლო და მედიკამენტების პროგრამის მნიშვნელობა პირადად განმემარტა 

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამით 14 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. შესაძლებლობა ბევრად მეტს აქვს, მაგრამ ცოტა სარგებლობს, – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, მოსარგებლეთა მცირე მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ამ პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია.

“მედიკამენტების პროგრამა, პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეა გათვალისწინებული. ჩვენ მოდელირება ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე გავაკეთეთ, რომელსაც შეუძლია ამბულატორიული საჭიროებების 70%-ი დაფაროს. ამ პროგრამის შესაფასებლად მინიმუმ ნახევარი წლის მონაცემები გვჭირდება. სულ ვამბობდი, რომ იანვრის ბოლოს მოგვეცემა საშუალება, ეს პროგრამა შევაჯამოთ. მისი მიღწევები და სუსტი მხარეები გამოვსახოთ და განვითარების გეგმები დავსახოთ. რაც შეეხება მოსარგებლეებს 14 ათასზე ცოტა მეტმა ისარგებლა. ამის შესაძლებლობა ბევრად მეტს აქვს, მაგრამ ცოტა სარგებლობს. რისკების შეფასება რამოდენიმე მიმართულებით გავაკეთეთ. ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები. ამ მედიკამენტის საყიდლად პაციენტს რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მხარე, რამაც ასეთი დაბალი ციფრი აჩვენა, საინფორმაციო კამპანიის ხარვეზები იყო.

“ალბათ რეგიონებში უფრო მეტად უნდა მევლო და ამ პროგრამის მნიშვნელობა პირადად უნდა განმემარტა. საინფორმაციო კამპანია რაც გვქონდა ინტენსიფიკაცია სჭირდება. რაც შეეხება ფინანსურ პარამეტრებს, ამ მედიკამენტებზე თანხების ხარჯვა მხოლოდ შესყიდვების დროსაა. თუკი 40 დღის განმავლობაში ხაზინაში რაღაც მნიშვნელოვანი ფინანსური მიმოქცევა ვერ დაინახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მიძინებულია. მედიკამენტების შეძენა, როგორც წესი, კვარტლურად ხდება”, – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების პროგრამამ აჩვენა, რომ საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილი წნევას, როგორც სიცხეს, სიმპტომურად მკურნალობს.

“პროგრამა ავადობის სტრუქტურაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დავინახეთ, რომ მეორე ტიპის დიაბეტის მართვაში ძალიან დიდი პრობლემები და ამ მედიკამენტებზე პიკური მოთხოვნები იყო. მეორე პრობლება რაც დავინახე, ეს არის წარმოუდგენელი რაოდენობის ხანმოკლე მოქმედების წნევის დამწევი მედიკამენტების მოხმარება. ეს ნიშნავს, რომ წნევას საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი სიმპტომურად, როგორც სიცხეს ისე მკურნალობს. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევებია. ასევე დავინახეთ, რომ მედიკამენტების ფასდაკლების რესურსი არის”, – აღნიშნა სერგეენკომ.