დავით სერგეენკო - ახალ კანონპროექტში მკაცრი სანქციებია ჩადებული შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
ახალ კანონპროექტში მკაცრი სანქციები არის ჩადებული შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.
„შრომის უსაფრთხოება უნდა გახდეს ადეკვატური. აქ გამკაცრებაზე იმდენი აქცენტი არ არის, რამდენადაც საზოგადოებაში უნდა იყოს სწორი აღქმა, რა არის შრომის უსაფრთხოების სტრუქტურა. ხშირად მცდარად, მთელი აქცენტი გადადის შრომის ინსპექტორებზე, როდესაც შრომის ინსპექტორებს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვთ, რომ პერიოდულად სისტემური ხარვეზები შეამოწმონ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ყველაზე სუსტი რგოლი არის საკუთრივ კომპანიების ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც შრომის უსაფრთხოების პირობებს 24/7-ზე რეჟიმში უნდა აკონტროლებდეს და ამ მიმართულებით მონიტორინგს ატარებდეს.
„პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ახლა მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მხრივ. თუმცა, თუ თვითონ კომპანიებმა არ გაითავისეს ეს მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესების დაცვა, ძალიან რთული იქნება. შესაბამისად, ახალ კანონპროექტში მკაცრი სანქციები არის ჩადებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.