დავით სერგეენკო - ადამიანურად ვწუხვარ და ჩემი ბრალიც არის, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოვახერხე
ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მცდელობა გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მე, მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. 2013-14 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, მოვლაპარაკებოდით იურიდიულ დონეზე მეპატრონეს იმ კონტრაქტით, რაც არის გაფორმებული. ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, იგივე ფართი მოგვეძებნა, რომელსაც სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო მოთხოვნა, გამოეყო ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე. დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე, სამწუხაროდ, ბოლომდე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, ინფექციური კლინიკის გადატანა დიღომში იგეგმება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
„ახლა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამზადებულია ინფრასტრუქტურა დიღმის კლასტერში, რომელიც საჭიროებს რამდენიმეთვიან გარკვეულ გადაკეთებას, სპეციფიკის გათვალისწინებით. ახალი აშენებული შენობაა, სადაც კლინიკა თავის პაციენტებით გადავა გადაკეთების შემდეგ. ამის შესახებ მე გავიგე ორი თვის წინ და ერთი წელი სჭირდება ამის მოგვარებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.