დავით სერგეენკო - წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო 2025 წელს ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი
2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო 2025 წელს ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი, – ამის შესახებ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკების დამატება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს კეთილ ნებასა ან შიდა გადაწყვეტილებაზე.
„სოციალურ მუშაკებისთვის, რომელთაც რაიონიდან დედაქალაქში ჩამოსვლა უწევთ, მაგალითად, ექსპერტიზის ბიუროში ხელის მოსაწერად, რამდენიმე დღეში ამუშავდება შეთანხმება, რომლის მიხედვით, ხელმოწერა იქნება ელექტრონული. ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობაც დისტანციური ფორმით იქნება. არსებობს რამდენიმე მოდელი და საბოლოოდ შევთანხმდებით ექსპერტიზის ბიუროსთან.
2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს მათი რაოდენობა 244-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი დაგეგმილია 50 მუშაკის დამატება და მათი რაოდენობის თითქმის 300-მდე გაზრდა. ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებასა ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისი უზრუნველყოფა, რათა შევძლოთ ამ თანამშრომლების უზრუნველყოფა არა მარტო ხელფასით, არამედ შესაბამისი სამუშაო პირობებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, სოციალური მუშაკების საჭიროებების შესასწავლად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომლის მთავარ მიზანსაც კომუნიკაციის და უკუკავშირის ეფექტური სისტემის შექმნა წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ასევე სოციალური მუშაკები.
მისი თქმით, საბჭომ მიიღო 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას, კომუნიკაციის გაძლიერებას მუშაკებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის, მათ ტექნიკურ ხელშეწყობას და პროფესიულ მხარდაჭერას.
„აღნიშნული სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია სოციალური მუშაკებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რათა სრულყოფილად და უწყვეტად აღვასრულოთ მთავარი მიზანი – ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერა.
რაც შეეხება სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, 2021 წელს თვითმმართველობებშიც გაჩნდებიან სოციალური მუშაკები, 2025 წელს კი, ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ერთ-ერთი წუხილი, რაც სოციალურ მუშაკებს აქვთ, არის ის, რომ 2025 წლამდე ამოქმედდეს ეს რეგულაცია, როდესაც 50 საქმეზე მეტი არ ექნებათ. ეს დოგმატურ თემად არ მეჩვენება, ესეც კონსულტაციების საკითხია, თუმცა ასე ხისტად ნამდვილად გაჭირდება, რადგან პირველ რიგში, გასაკეთებელია ძალიან მკაფიო დეფიცინია, რას ნიშნავს ერთი საქმე. ერთი ბენეფიციარი, ერთი აქტივობა თუ რა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობისთვის, დაგეგმილია ერთიანი ეროვნული პლატფორმის (CCM) ჩამოყალიბება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას და სხვადსხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანზიაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას.