დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის საქმეზე სამი მოწმე გამოიკითხა
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის სამი მოწმე გამოკითხეს. ეს პირები მომხდარი დაპირისპირების დღეს 2017 წლის პირველ დეკემბერს ადგილზე იმყოფებოდნენ.
საქმის პროკურორის თქმით, უშუალოდ გიორგი მენაბდის ბრალეულობაზე მოწმეებს არ უსაუბრიათ, თუმცა მათ აღწერეს საერთო სურათი და დეტალები, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი მენაბდის წინააღმდეგ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამ მტკიცებულებებს შორის არის მათ შორის მოწმეების ჩვენებები, როგორც ამჟამად მსჯავრდებული პირების, ასევე ყოფილი მსჯავრდებული პირების.
ბრალდებულ გიორგი მენაბდეს ადვოკატის ცნობით, დღეს დაკითხული მოწმეები ჩვენებებში ჰყვებიან ზოგად ინფორმაციას მომხდარზე და მენაბდის მამხილებელი რაიმე ჩვენება არც ერთ მათგანს არა აქვს მიცემული.
გიორგი მენაბდე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ის 15 აპრილს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.