დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა.
მხარეებმა სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართეს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ სარალიძის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ სხვა ორ პირთან ერთად, გიორგი მენაბდემ დავით სარალიძეს დანით ჭრილობები მიაყენა. ამას კატეგორიულად უარყოფს დაცვის მხარე. გიორგი მენაბდე ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ახალი გარემოება გახდა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ჩვენება.
„დღეს გიორგი მენაბდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. მხარეები წარვდექით შესავალი სიტყვით. ბრალდებამ სასამართლოს შეახსენა მთელი ისტორია, რამაც აქამდე მოგვიყვანა, როგორ დაიწყო კონფლიქტი და როგორ გადაინაცვლეს ხორავაზე, როგორ მიაყენეს ჭრილობები ჯანაშიამ, მენაბდემ დავით სარალიძეს. დაცვის მხარე მენაბდეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევით სასამართლო დარწმუნდება, რომ დანაშაული გიორგი მენაბდემ ჩაიდინა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.
გიორგი მენაბდე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი თვის წინ დააკავეს, მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. მანამდე, 2017 წლიდან ამ საქმეში ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იყო. გიორგი მენაბდე მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.