დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი თბილისს აჩუქა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით, თბილისს აჩუქა.
ფიჭვის ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე დაირგა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“, თბილისის მერიის, „ჰუალინგ ჯგუფისა“ და ფრანგული კინო-სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს.
დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად, თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოებაში წვლილის შეტანას.
„მეოთხე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ, ჩემს შვილებთან ერთად, მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ,“- აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
დავით საგანელიძემ 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გასულ წელს თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა.
უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკშიც დაირგა.