დავით საგანელიძე - საქართველო დღეს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების სიაში შედის
თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა, მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში იმუშავებს და პროდუქციას დაამზადებს, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნა საქართველოს მიმართ ნდობაზე მიუთითებს.
„თვითმფრინავი უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დაცული სატრანსპორტო საშუალებაა. ამიტომ ყველა ნიუანსი სპეციალურ კონტროლს გადის. შეკვეთა ჩვენს პარტნიორს მიღებული აქვს. კომპანია „ელბიტი“, რომლის სათაო ჯგუფი ამერიკულია და ისრაელში რამდენიმე შვილობილი კომპანია აქვს, ამჟამად რამდენიმე ასეულ დეტალს სხვადასხვა ავიაკომპანიისთვის აწარმოებს. ისინი დაახლოებით 230 დეტალის დამზადებას უკვე ამ ქარხანას მისცემენ და მომავალი წლიდან აღნიშნულ დეტალებს ახალი ქარხანა დაამზადებს. ეს წელიწადი სატესტო რეჟიმი იქნება. ქარხანა ჩვეულებრივი რეჟიმით იმუშავებს, დეტალებს დაამზადებს, რომელიც თვითმფრინავებში მოხმარებული არ იქნება, ვინაიდან ყველა დეტალი ისრაელში ჩავა, სადაც სპეციალურ კონტროლს გაივლის. ეს არის წყალქვეშა ულტრაიისფერი სხივები, მაგნიტორეზონანსული სხივებით ყველა ამ დეტალის შესწავლა მოხდება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისი თქმით, თუ წლის განმავლობაში ხარვეზი არ გამოვლინდა, წარმოებულმა პროდუქციამ ტესტირება გაიარა და სერტიფიცირებულ იქნა, მომავალი წლიდან ის მომხმარებელს მიეწოდება.
დავით საგანელიძის განცხადებით, მსგავსი ქარხნები მაღალგანვითარებულ ქვეყნებში – ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში და ისრაელშია.
„ყველაზე დიდი სიკეთე ამ ქარხნის ისაა, რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგიდან გამოვიდა, სადაც ჩვენი ექსპორტის ნაწილს ძირითადად წიაღისეული ან მადანი შეადგენდა. ჩვენ დღეს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების სიაში შევდივართ. ეს დიდი ნდობაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პროფესიონალების მიმართაა გამოცხადებული“, – განაცხდა მან.
დავით საგანელიძის თქმით, ქარხანაში დასაქმებული არიან მაღალი დონის ინჟინრები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ელექტროშემდუღებლები, 150-მდე ადამიანმა სტაჟირება ისრაელში გაიარა. მისი თქმით, აღნიშნული ქარხანა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი საწარმო იქნება საქართველოში.
საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველია. ქარხანა „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტია. „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.