დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხი პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიხილება
„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საპარლამენტო განხილვა სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე შედგება, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საპარტნიორო ფონდის რეფორმის საკითხი განიხილეს, რომელიც გასულ კვირაში საგანელიძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. დეპუტატების დიდმა ნაწილმა ფონდის ეფექტიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ბიზნესმოდელი შესაცვლელია.
საგანელიძის შეფასებით, ფონდის რეფორმას, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და შეჩერდა, მოქმედი მთავრობის დიდი მხარდაჭერა აქვს და მისი განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაიწყება
„რამდენიმე დღეში ეკონომიკის ექსპერტებთან გვექნება შეხვედრა, შემდეგ ალბათ 13 ივნისს ბიზნესასოციაციასთან, 20 ივნისს ეკონომიკის საბჭოზე იგეგმება ამ თემის განხილვა მთავრობაში, რომელიც შემდეგ გარკვეულ კონცეფციას დაამტკიცებს. სამი სამუშაო ვარიანტი გვაქვს, სამივეში პოზიტიური ძვრებია, თუმცა არსებობს ხარვეზებიც. ამიტომ იგეგმება კონსულტაციები ექსპერტებთან, ბიზნესმენებთან, ბანკებთან, ეკონომიკის საბჭოსთან. ალბათ ზაფხულში საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება, რომელიც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში შევა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული ფინანსური მაჩვენებლები მომგებიანია, მაგრამ ფონდის მფლობელობაში არსებული წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები ფონდის იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს.
საგანელიძე განმარტავს, რომ ფონდი არც ერევა მის პორტფელში არსებული სახელმწიფო კომპანიების მართვაში, რაც ფონდის საქმიანობას დაბრკოლებებს უქმნის.
„ფონდის ძირითადი საქმიანობა არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტორებთან ერთად გარკვეული პროექტების დაფინანსება. ჩვენ არასოდეს ვფლობთ 49 პროცენტზე მეტ აქციას, ანუ მინორიტარი აქციონერები ვართ და ძალიან მალე გამოვდივართ დაფინანსებული ბიზნესიდან, თანხა უკან გამოგვაქვს. შესაბამისად, როცა წლის ბოლოს ვნახავთ მოვიგეთ თუ წავაგეთ, ეს არის ჩვენი ციფრები. თუმცა არსებობს კონსოლიდირებული ბალანსი, სადაც ჩვენს მაჩვენებლებთან ერთად ხდება შვილობილი კომპანიების ბალანსის გაკეთებაც. თუ „საქართველოს რკინიგზის“, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“, გაზისა და ნავთობის კორპორაციის და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ერთობლივ ბალანსს გავაკეთებთ, ფონდის საერთო ბალანსი არის წამგებიანი. საქმე ისაა, რომ ორმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზამ“ და ელექტროსისტემამ წაგებით დახურეს წელი. ამ კომპანიებს ჩვენ არ ვმართავთ, მაგრამ როცა აუდიტორი აკეთებს დასკვნას, ერთიან ბალანსში მათი ციფრებიც შემოაქვს. ეს ორი კომპანია რომ არ იყოს ჩვენს შემადგენლობაში, ფონდმა 192.8 მილიონის მოგებით დახურა წელი ანუ დაახლოებით 193 მილიონის მოგება მოუტანა სახელმწიფოს. როცა ჩვენს მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებიდან გამოვდივართ ჩვენი წლიური მომგებიანობა 14.8 პროცენტი იყო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისი თქმით, „საპარტნიორო ფონდმა“ შექმნიდან დღემდე დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ინვესტირებით საქართველოში 2.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
„ანუ – ერთ ჩადებულ დოლარში გარედან 7-8 დოლარი შემოვიდა. მაჩვენეთ მეორე კომპანია, რომელსაც ასეთი მოგება ჰქონდეს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.