დავით საგანელიძე-„რიქსოსის" ნაცვლად საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას ვგეგმავთ
,,ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო იმსახურებს ბევრად უფრო დიდ ოპერატორებს – ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის დამფუძნებელმა, დავით საგანელიძემ საქართველოს ბაზრიდან სასტუმრო „რიქსოსის” გასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, ამჯერად აქცენტი საერთაშორისო ბრენდებზე გაკეთდება.
„ველით, რომ უფრო მაღალი სერვისი, ხარისხი და უფრო მეტი ტურისტი ეყოლება არა მარტო ამ სასტუმროს, არამედ მთელს რეგიონს. გარკვეული ცვლილებები თვითონ „რიქსოსის “დამფუძნებლებშიც მოხდა. მოგეხსენებათ, ეს არის თურქული ბრენდი და ძირითადად ამ რეგიონში ოპერირებს. ახლა ჩვენ ძირითადად აქცენტებს ვაკეთებთ საერთაშორისო ბრენდებზე, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან და ვფიქრობ, რომ ბორჯომი-ლიკანის ეს სასტუმრო იმსახურებს ბევრად უფრო დიდ ოპერატორებს“,- აცხადებს დავით საგანელიძე.
იმის შესახებ, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდები განიხილებიან სასტუმრო „რიქსოსში” შემოსასვლელად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფონდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ ბრენდებს არ ასახელებს.
„ დასაწყისში როცა ამ სასტუმროს განვითარებაზე იყო საუბარი „რიქსოსმა ” სერიოზული როლი შეასრულა, თუმცაღა ვფიქრობთ, რომ სასტუმროში უფრო დიდი და მასშტაბური ოპერატორი შემოვა. უახლოეს ხანებში, ჩვენ გვექნება რამოდენიმე შეთავაზების განხილვა. არ მინდა დავასახელო ის ხუთვარსკვლავიანი ბრენდები, რომლებსაც შემოსვლის სურვილი აქვთ. ამას ალბათ დრო დაგვანახებს“, -განაცხადა დავით საგანელიძემ.