საქართველოში სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო [ფოტო]
საქართველოში სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო [ფოტო]

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის, „დოქტორ გუდსის“ პრეზენტაცია გამართა.

კომპანია საქართველოში პირველად იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სტერილურ და არასტერილურ პროდუქტს შესთავაზებს.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საწარმო სამედიცინო სექტორს რამდენიმე პროდუქტით უზრუნველყოფს. მისი ძირითადი მიმართულებებია ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი, როგორც კომპანიაში ამბობენ, განვითარების გეგმის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბატონი დავით საგანელიძე, ფონდის წარმომადგენლები, სამედიცინო სექტორი და გამარჯვებული პროექტის ავტორები.

„ახალი საწარმო მართლაც ინოვაციურია იმ მხრივ, რომ საქართველოში პირველად შეიკერება და გასტერილდება თითქმის ყველა ტექსტილის ნიმუში, რომელიც სჭირდება ქირურგიულ კლინიკებს. დღეს ყველა სამედიცინო დაწესებულება და განსაკუთრებით ქირურგიული კლინიკები ახდენენ ამ პროდუქციის იმპორტს. მინდა ვთქვა, არა მარტო როგორც ამ ფონდის ხელმღვანელმა, არამედ როგორც ქირურგმა, რომ ეს არის ქირურგებისთვის და ზოგადად მედპერსონალისთვის შესანიშნავი საშუალება, რათა არა მხოლოდ დაზოგონ თანხები, არამედ კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მოითხოვონ ზუსტად ის ზომები, კომპლექტაციია და შეფუთვა, როგორიც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.