დავით საგანელიძე - კვირიკაშვილის მთავრობამ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას მხარი არ დაუჭირა
დავით საგანელიძე - კვირიკაშვილის მთავრობამ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას მხარი არ დაუჭირა

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას, რომელიც 2016 წელს დაიგეგმა, იმ დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხი განიხილეს, რომელიც გასულ კვირაში საგანელიძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. დეპუტატების დიდმა ნაწილმა ფონდის ეფექტიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამასთან, პრემიერ-მინისტრა, მამუკა ბახტაძემაც განაცხადა, რომ ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ფონდის რეფორმის საკითხი საგანელიძემ ჯერ კიდევ 2015 წელს წამოწია, მომზადდა რეფორმის დოკუმენტიც. კალანდაძე დაინტერესდა, რატომ ვერ დაიძრა ფონდის რეფორმა ამდენი ხნის განმავლობაში.

„რამდენიმე წლის წინ თქვენ დასვით ფონდის რეფორმის საკითხი, ეს ახალი არ არის. თქვენგან რამდენჯერმე მომისმენია პირდაპირ ეთერში, რომ „საპარტნიორო ფონდის“ სტატუსი გარკვეულწილად წუნდებულია და უნდა შეიცვალოს. ფონდის ბორდში არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პრემიერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ წლების განმავლობაში ახსენებდით ხელისუფლებას, რომ სტრუქტურა შესაცვლელია, რატომ ვერ მოხერხდა ეს ცვლილება? 2015 წელს KfW-ს მიერ მთავრობის დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტში ფონდის ძალიან საინტერესო მოდელი იყო წარმოდგენილი. სად არის ეს დოკუმენტი, რატომ არ მსჯელობს მთავრობა“, – იკითხა კალანდაძემ.

საგანელიძის განმარტებით, „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის საკითხს იგი ჯერ კიდევ მაშინ აყენებდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობდა და ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე ეს საკითხი წინ წამოწია.

„ჯერ კიდევ ჩემი პარლმაენტში ყოფნის დროს, როცა უმრავლესობის ხელმძღვანელი ვიყავი, ცხადია ინფორმაცია გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან საფინანსო ინსტიტუტზე, როგორიც „საპარტნიორო ფონდია“. ჯერ კიდევ მაშინ ვაყენებდი საკითხს, რომ ფონდს, რომელიც 2011 შეიქმნა და აბსოლუტურად განსხვავებული ამოცანები ჰქონდა ვიდრე დღეს, შესაცვლელია. ფონდის ძირითადი ამოცანა მაშინ სახელმწიფო კომპანიების რკინიგიზს, გაზისა და ნავთობის კორპორაციისა და სახელმწიფო ელექტროსისტემის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანა იყო. ამისთვის შეიქმნა ფონდი და აღნიშნული სტრუქტურების 24 პროცენტი გადაეცა. მერე მთავრობამ ვერ მოახერხა ბირჟაზე გატანა, ფონდი დარჩა და ამ სახელმწიფო კომპანიების 100 პროცენტი გადაეცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფონდი არ მართავს ამ კომპანიებს, მართვის არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, ეს კომპანიები პირდაპირი ხელშეკრულებით შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან არიან გაფორმებული. ჩვენ ამ კომპანიებთან ერთადერთი რამ გვაკავშირებს – თუ ისინი დივიდენდებს გასცემენ, ეს იქნება ფონდის შემოსავალი. რეალურად ასეთი კვაზისისტემა დარჩა დღემდე. ჯერ კიდევ 2014-ში, 2015-ში დავაყენე ეს საკითხი. როცა 2016-ში ფონდის ხელმძღვანელად მოვედი, მაშინვე ვთქვი, თუ გვინდა, რომ ფონდი იყოს ისეთი სტრუქტურა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არის დამახასიათებელი, პირველი რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ და ფონდის ბორდმა, ეს არის სტრუქტურის შეცვლა,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.

საგანელიძის განმარტებით, „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ირგვლივ განხილვები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო და საქმეში ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ჩართეს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე გერმანული KfW, რომელმაც ფონდის რეფორმისთვის 6 მილიონი ევროც გამოყო, თანხა მხოლოდ ნაწილობრივ დაიხარჯა. რეფორმაზე მუშაობა შვიდი-რვა თვე გრძელდებოდა, მომზადდა რეფორმის დოკუმენტი, რომელიც მთავრობაში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს შევიდა, ეკონომიკის სამინისტროს კი, სათავეში დიმიტრი ქუმსიშვილი ედგა.

საგანელიძის თქმით, კვირიკაშვილის მთავრობამ რეფორმის იდეას მხარი არ დაუჭირა.

კვირიკაშვილიც და ქუმსიშვილიც გამოვიდნენ და თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში არის გარკვეული საინტერესო მომენტები, დღესდღეობით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფონდი არსებული სტრუქტურით უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული  დოკუმენტი გაჩერდა. შევეგუე იმას, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს“, – განმარტა დავით საგანელიძემ.