დავით საგანელიძე - მრცხვენია ხოლმე, როცა ვინმე ამბობს, რომ აქ მუშახელი იაფია
დავით საგანელიძე - მრცხვენია ხოლმე, როცა ვინმე ამბობს, რომ აქ მუშახელი იაფია

ფონდის მთავარ მიმართულებათა და ამოცანათა შორის ერთ-ერთი ექსპორტის წახალისება უნდა იყოს, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ექსპორტის წახალისება მარტო ფული მიეცი არ არის. იქ უამრავი სექტორია. ერთ მაგალითს გეტყვით – იტალიის ერთ-ერთი კომპანია ძალიან მაღალი სისტემებისთვის ჭანჭიკებს აწარმოებს, მტკიცე მასალა რუსეთიდან შეაქვს, ამუშავებს და ჩინეთში ყიდის. ჩვენ მათ დავუდეთ ალტერნატივა, რომ მისმა ქარხანამ იგივე საქართველოში გააკეთოს; მეტალი რუსეთიდან საქართველოში შემოიტანოს, ქარხანა აქ გადმოიტანოს, პროდუქცია დაამუშაოს და ჩინეთში გაყიდოს. ისინი შლიან თავიანთ ქარხანას და უნდათ მისი საქართველოში გადმოტანა“, – განაცხადა საგანელიძემ. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რაღაცების საქართველოში შემოტანა და შემდეგ, მათთან სინერგია იმ პატარა ქართული კომპანიებისა, რომლებსაც ძალიან კარგი გამოცდილება დაუგროვდათ და რომლებმაც თავიანთი სტანდარტები დაამკვიდრეს.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში ყველაზე ინტელექტუალური მუშახელია და ამიტომ, აქ მუშახელი ძვირი იყოს.

„მუშახელის სიიაფეს არასდროს არ ვამბობ, რადგან მე პირიქით, მინდა, რომ მუშახელი ძვირი იყოს. იაფი მუშახელი საქართველოსთვის საამაყო არ უნდა იყოს. მრცხვენია ხოლმე, როცა ვინმე ამბობს, რომ აქ მუშახელი იაფია. იგივე „ელბიტის“ საწარმომ საქართველოდან 150 ადამიანი ერთი წლით, საკმაოდ მაღალი ხელფასით წაიყვანა მოსამზადებლად იმ ვარაუდით, რომ დაახლოებით ნახევარს დაიწუნებდა და გაუშვებდა, ნახევარს კი, დაიტოვებდა. ამ 150-დან მერწმუნეთ, 149 კაცი აიყვანეს. ერთადერთი გაუშვეს და მასზეც თქვეს, რომ ეს ბიჭი გენიოსია, მაგრამ დისციპლინა აქვს ნული, ვერაფერს ვერ ვუხერხებთ, როცა უნდა, ადგება და როცა უნდა, გავა-გამოვაო. ჩვენნაირი მუშახელი საძებარი ჰყავთ. იმიტომ, რომ აქ ყველა დარგის სპეციალისტი იყო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.