დავით რაქვიაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი რეგიონში მიმდინარე გეოპოლოტიკური პროცესები იქნება
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ თემებს შორისაა ნატო-ს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის მზადება, ასევე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტი და ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
ამასთან, მისივე თქმით, საუბარი იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლოტიკურ პროცესებზე.
„ეს იქნება ნატო-ს სამიტისთვის მზადება. მათ შორის 26 მაისს რიგი ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოდიან და მათ მიმართ კონსოლიდირებული მესიჯების შემუშავება. ჩვენ ასევე მოვისმენთ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის პროგრესის შესახებ. გვექნება საუბარი ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს პირობებში საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდის მიმართულებებზე და ასევე განვიხილავთ რეგიონში მიმდინარე გეოპოლოტიკურ პროცესებს, მათ შესაძლო ზეგავლენას საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 18:00 საათზე გაიმართება.