დავით ქირია ახალ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლას ჯორჯო პეტროსიანთან გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ კიკბოქსიორთან
დავით ქირია ახალ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლას ჯორჯო პეტროსიანთან გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ კიკბოქსიორთან

ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ში დებიუტისთვის ემზადება. როგორც გაირკვა, 32 წლის ქართველი მებრძოლი სადებიუტო დაპირისპირებას 26 თებერვალს, სინგაპურში ყველასთვის კარგად ნაცნობი სომეხი სპორტსმენის, ჯორჯო პეტროსიანის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ეს ორი სპორტსმენი Glory kickboxing-ის ორგანიზაციაში შეხვდა ერთმანეთს და გამარჯვება მსაჯთა გადაწყვეტილებით სომეხ მებრძოლს დარჩა. ქირია რევანშისთვის ემზადება. სომეხ კიკბოქსიორს ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – სულ პეტროსიანი რინგზე 105-ჯერ გავიდა, აქედან 103 ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა.

პრინციპულ ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჩვენ დავით ქირიას დავუკავშირდით:

სადებიუტო ბრძოლას One Championship-ში 26 თებერვალს ჩაატარებ. შენი მეტოქე ძალიან გამოცდილი სომეხი სპორტსმენი იქნება.

დიახ ნამდვილად, ჩემი მეტოქე არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი კიკბოქსინგის ისტორიაში. პეტროსიანი არის ბოლო გრან პრის გამარჯვებული და შესაბამისად, ის რეიტინგში, ამჟამად პირველ ნომრად არის განთესილი. ასე რომ, ურთულესი ტესტი მელოდება, თუმცა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

 

ამ პრინციპული ბრძოლისთვის სად ემზადები და რამდენად კმაყოფილი ხარ მოსამზადებელი ეტაპით? როგორ ფიზიკურ ფორმაში ხარ?

მომზადებას საქართველოში გავდივარ ჩემს გუნდთან ერთად, ხანგრძლივი შეკრება გამომივიდა, რადგან ნოემბერში უნდა მქონოდა დებიუტი ONE-ში, მაგრამ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ბოლო კვირას გაუქმდა ჩემი ბრძოლა, შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირა დავისვენე (დასვენება კოვიდის გამო მომიწია) და ისევ გავაგრძელე შეკრება, ასე რომ, კმაყოფილი ვარ ჩემი მოსამზადებელი ეტაპით და დარწუმენული ვარ, მიზანს მივაღწევ და გამარჯვებით დავბრუნდებით სამშობლოში!

რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს ?

გარკვეული ტრავმები მაქვს, თუმცა, ისეთი არა რომ ხელი შემიშალოს ბრძოლაში. აქვე გეტყვით, რომ პროფესიონალ მებრძოლს თითქმის ყოველთვის აქვს რაღაც ტრავმა, თუმცა, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად მიდის

რა არის შენი მთავარი მიზანი One-ში?

ჩემი მიზანი ყოველთვის ერთია, რომელ ორგანიზაციაშიც არ უნდა ვასპარეზობდე, გავხდე ჩემპიონი! ამჯერადაც, რა თქმა უნდა, იგივე მიზანი მამოძრავებს.