დავით ქაცარავა - ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მოხდეს
ნატახტარის გზაზე დავით ქაცარავა და სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები გზის გადაკეტვას ცდილობენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გზის გადაკეტვის საშუალებას მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მოხდეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ,
როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადებში მოხდეს, ასევე მოხდეს ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.