არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ
არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ

არჩილ ტატუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში გადმოასვენებენ, – ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადებში მოხდეს, ასევე მოხდეს ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება უმოკლეს ვადაში და იმ ორი ადამიანის გადმოყვანა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ ვერ ახერხებს ამის გაკეთებას. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვლილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როგორც მათ განაცხადეს, დაკავებულები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მათ ე.წ. გამოძიებასთან, ამ მიმართულებით მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცაღა ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. აუცილებელია,  ადამიანებმა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია რაც შეიძლება მალე. ცხედრის გადმოსვნებასთან დაკავშირებით ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გვქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა უკვე დღეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ პოზიცია შეცვალეს. მათი განცხადებით, ეს სავარაუდოდ უნდა მოხდეს კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს. ცხელი ხაზით მსგავსი ტიპის ინფორმაცია ჩვენ მივიღეთ მათგან”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილიდაიოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.