დავით ქაცარავა - ხურვალეთში არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალია არის საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და მას ვენდეთ
სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, პოლიციის საგუშაგოსთან სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები რჩებიან. მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას განცხადებით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხვალ ხურვალეთში შესვლას ეცდებიან. დავით ქაცარავა არ ენდობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სუს-ის განცხადებას, რომ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ევროკავშირს კითხვას დავუსვამ, რატომ ჩანიშნეს ტექნიკური შეხვედრა რუსებთან და მერე ვისაუბროთ მათ დასკვნაზე. მოდით, ერთ კითხვას დავუსვამ, რატომაა ასეთი მობილიზაცია შექმნილი ერთი დეზინფორმაციის საფუძველზე. ამის გაქარწყლება შესაძლებელი იყო ხუთ წუთში. როდესაც გავრცელდა ეს დეზინფორმაცია, უნდა შევეყვანეთ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და დაგვეთვალიერებინა ტერიტორია. ბუნებრივია, შემდეგ დეზინფორმაციის გამავრცელებლები მოიხდიდნენ ბოდიშს.
ლუდა სალიას არ მიეცა საშუალება, გადაეღო სურათი, როცა რუსები ბაღში იყვნენ. მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ბაღის მეპატრონემ დაადასტურა, რუსები რომ იყვნენ შემოსული. ამას ციხელაშვილის სამინისტროც ადასტურებს, რომ რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ. ასე ღიად არა, მაგრამ ადასტურებენ აქ მყოფი პოლიციელებიც.
ვფიქრობ, რომ ჩემი პოსტი კი არ ძაბავს ხელოვნურად, არამედ, ეს არის რეალობის ასახვა. დღევანდელი რუსების გასვლა ამ ბაღებიდან არის ამ დაძაბვის შედეგი. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ არ მოგვეცა სოფელში შესვლის საშუალება და ამ წუთამდე, ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. მთელი დღის განმავლობაში ბინძური კამპანია იყო ჩვენ წინააღმდეგ, გვეძახდნენ პროვოკატორებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
ქაცარავას თქმით, რუსები თავად არ უნახავს და ადგილზე მყოფ ლუდა სალიას ენდნენ.
„არ მინახავს რუსები დღეს. ლუდა სალია არის ის ადამიანი, გულმხურვალე პატრიოტი, საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და ჩვენ მას ვენდეთ. ეს ინფორმაცია გამაგრებული იყო ბაღის მეპატრონის ინფორმაციით. მხოლოდ და მხოლოდ დილით, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა ადგილზე შესვლის, გავაკეთებთ ჩვენ დასკვნებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
სოციალურ ქსელში დღეს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზს მიღმა იმყოფებოდნენ და უკვე დატოვეს ტერიტორია.