ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ინფორმაციით, რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზს მიღმა იმყოფებოდნენ და უკვე დატოვეს ტერიტორია [ვიდეო]

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ხაზს მიღმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთეს განცხადებები, რომ რუსების გადმოსვლის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებული საოკუპაციო ხაზს მიღმა. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული, სრულად არის აღდგენილი თავისუფალი მიმოსვლა, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა. მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის მედიას, ვიყოთ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები არის ოკუპირებული. მავთულხლართებს მიღმა საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები, თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია ამიტომ ამ პასუხისმგებლობისგან არც ხელისუფლება, არც პოლიტიკოსები, არც აქტივისტები არ არის თავისუფალი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.