დავით ოქიტაშვილი - ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას
დავით ოქიტაშვილი - ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს შანტაჟის მსხვერპლად მიიჩნევს. აღნიშნულ საკითხზე მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა, საჭიროა, საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

„პირველ რიგში, მე ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და რასაკვირველია, ქალზე ძალადობა ხომ საერთოდ მიუღებელია. საერთოდ არც ვიცნობ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახს, არც ამ პიროვნებას, საერთოდ ნანახიც არ მყავს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არის შანტაჟი, რაც ხდება. მე მის მეუღლესაც, ნელი დოროყაშვილსაც მინდა, მივმართო. ვფიქრობ, დასხდებიან, დაილაპარაკებენ, რადგან მათ საერთო შვილი ჰყავთ. ეს ბავშვზე ძალიან მოქმედებს. მე არც ნელის ვამტყუნებ, არც ნიკას. ორივეს მივმართავ, ნერვებს გაუფრთხილდნენ. დაველოდოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

მისივე თქმით, როცა ადამიანი არის მოძალადე, არ აინტერესებს, წარმატებულია თუ არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ოჯახური კონფლიქტი არ უნდა გახდეს მთელი ქვეყნის სალაპარაკო.