დავით ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს გამოყოფის შესახებ ხელოვანების მოთხოვნას უერთდება
დავით ოქიტაშვილი კულტურის სამინისტროს გამოყოფის შესახებ ხელოვანების მოთხოვნას უერთდება

„კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი უერთდება კულტურის მოღვაწეთა მოთხოვნას, რომ კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად გამოიყოს.

დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო სამინისტროების გაერთიანების, რადგან ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს სფეროს.

„როდესაც ამ სამინისტროების გაერთიანება მოხდა, მე ვიყავი წინააღმდეგი. არ შეიძლება, კულტურის სამინისტრო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიც არის განათლება, რადგან განათლება ნებისმიერ ქვეყანაში პრიორიტეტია და კულტურის შეერთებით ამ სფეროში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მხოლოდ წერილზე პასუხს სჭირდება 10-20 დღე. საქართველოში კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ისეთი, რომელსაც მაჯაზე ედება ხელი. კულტურა არის იგივე ტურიზმისთვის აუცილებელი. კულტურის სამინისტროს სხვასთან გაერთიანებამ გამოიწვია დეგრადაცია ძალიან ბევრ დარგში და უამრავი მიმართულებით. ვფიქრობ, დაახლოებით 90 პროცენტი ამ აზრზეა, რომ კულტურა აუცილებლად ცალკე სამინისტრო უნდა იყოს“, – აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროში 200 თანამშრომელი არ არის საჭირო და მაქსიმუმ 30-40 საკმარისია. დავით ოქიტაშვილის განმარტებით, ბევრ ქვეყანაში სწორედ ამდენი ადამიანი მართავს კულტურის სფეროს.

„ვინც ამას ითხოვს, ყველა თავიდანვე იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი, ამიტომ კულტურისა და ხელოვანების წარმომადგენლებმა მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს კულტურის სამინისტროს გამოყოფის მოთხოვნით. ვიცი, რომ მინისტრი ჩხენკელი გამოყოფის მომხრეა და პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ მზად არის ამ საკითხის განსახილველად. კულტურა ჩაიკარგა და გული მწყდება, რომ არ არის ჩამონათვალში იმ პრიორიტეტ სამინისტროებს შორის“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს, მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.