საქართველოს ზამთრის კურორტებზე წელს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორს ელოდებიან
საქართველოს ზამთრის კურორტებზე წელს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორს ელოდებიან

“მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ზამთრის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 400 ათასს გადააჭარბებს და შესაძლოა, ნახევარ მილიონს მიაღწიოს.

როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა,  უკვე განხორციელებული ჯავშნები აჩვენებს, რომ მესტიაში წელს ძალიან კარგი სეზონი იქნება ისევე, როგორც ზამთრის დანარჩენ კურორტებზე.

„ჩვენი გათვლებით რეკორდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და 400 ათასზე მეტს ავცდებით. შესაძლოა, ნახევარ მილიონამდე ავიდეთ. ვვარაუდობთ, რომ თეთნულდზე უამრავი ვიზიტორი გვეყოლება, რადგან უცხოელებმა და კარგმა მოთხილამურეებმა უკვე გაიგეს, რა არის თეთნულდი და როგორც ჯავშნები გვიჩვენებს, მესტიაში წელს ძალიან კარგი სეზონი გვექნება ისევე, როგორც ზამთრის ყველა სხვა კურორტზე“ , – განუცხადა „პირველ არხს“ ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ჰაწვალსა და თეთნულდზე წელს სეზონი ოფიციალურად 17 დეკემბერს, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო კი 23 დეკემბერს გაიხსნება. 23 დეკემბერს ასევე გაიხსნება კოხტა-მიტარბის საბაგირო.