დავით ნარმანია - სემეკ-ის მიერ დაჯარიმებულ კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში, შემდეგ აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში
კომისიამ დღეს იმსჯელა სამი კომპანიის მიერ სემეკ-ის დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხზე. ჯამურად 200 000 ლარით დაჯარიმდა სამივე კომპანია, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორ კომპანიასთან მიმართებაში, როგორიც არის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და „ჯივიპი“ იქნა გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 75 000 ლარი, ხოლო რაც შეეხება „თელასს“ გამომდინარე იქიდან, რომ „თელასმა“ პრობლემის აღმოჩენის და განაცხადების მიღების ადეკვატურად დაიწყო დაკორექტირებები ზედმეტად დარიცხული თანხების, ამიტომ, შედარებით მსუბუქი ჯარიმა გამოვიყენეთ და დაჯარიმდა 50 000 ლარით.
„გარდა დაჯარიმებებისა, კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში და მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ ინფორმაცია. ამის შემდეგ ყველა მომხმარებელთან მიმართებაში აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მხრიდან კვლავაც ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევებს ადგილი, ისინი გაორმაგებული ჯარიმებით დაჯარიმდებიან. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები არ დაემორჩილებიან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუმცა, არ მგონია რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება იყოს სასამართლოსგან, იმდენად მყარად და არგუმენტირებულად არის კომისიის მიერ ნამსჯელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. გასაჩივრება არ აჩერებს იმას, რომ კომპანიებმა დააკორექტირონ აბონენტების ჩვენებები და დარიცხვები, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებაში იქნა მიცემული“, – განაცხადა ნარმანიამ.