დავით ნარმანია - რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, – განცხადება ამის შესახებ დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული წყაროები, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში იმპორტის დივერსიფიკაცია იქნება შესაძლებელი.
„მარტი მშრალი თვე იყო და შესაბამისად ხდებოდა დიდი იმპორტი. ახლა ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება, რადგან საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენი ელექტროსადგურები საკმარის ენერგიას გამოიმუშავებენ, რომ სრულად იქნას უზრუნველყოფილი ადგილობრივი მოთხოვნა. მეტიც, ჩვენი ვარაუდით უახლოეს პერიოდში გვექნება საექსპორტო ელექტროენერგია, რომლის გატანაზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს. ვინაიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩვენ მიღების წყაროები გვაქვს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა ფორმის დამატებითი სანქციები დაწესდება იმპორტზე, ჩვენ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. გვაქვს ალტერნატიული წყაროები თუმცა, ქვეყანა მაინც ეცდება, რომ დისტანცირდეს რუსეთიდან. უბრალოდ, აქ ერთი ფაქტორია. როცა იაფი ენერგია არსებობს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ამაზე და უფრო ძვირი ენერგია შემოვიტანოთ. ეს შემდეგ აუცილებლად მოახდენს ზეწოლას ტარიფზე. ამდენად, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, რომ მომხმარებელზე ცუდად არ აისახოს რაიმე პროცესი“, – განაცხადა ნარმანიამ.