დავით ნარმანია - ჰესები უნდა აშენდეს, სხვა შემთხვევაში უნდა შევეგუოთ, რომ ძვირი ელექტროენერგია გვექნება
ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის შექმნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამიტომ ე.წ. გაჩერებული ჰესების მშენებლობა უნდა დავაჩქაროთ. სხვა შემთხვევაში, უნდა შევეგუოთ, რომ ძვირი ელექტროენერგია გვექნება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ე.წ. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა, კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში სემეკ-ის დაგეგმილი პოლიტიკა და საპროგრამო საკითხები განიხილეს, რის მიხედვითაც ნარმანია თავმჯდომარის რანგში მუშაობს აპირებს. სემეკ-ის ხელმძღვანელის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და სამუშაო პროგრამაც წარადგინა. მისი დამტკიცების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გარკვეული პროცედურული უზუსტობის გამო კენჭისყრა გადაიდო.
დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, როგორ უყურებს სემეკ-ის პოტენციური ხელმძღვანელი ქვეყენაში სწრაფი ტემპით მზარდი ელექტროენერგიის მოხმარებას და დეფიციტს, რაც იმპორტის ხარჯზე ივსება და დენს აძვირებს. მეორეს მხრივ, ქვეყანას განახლებადი ენერგიის შესანიშნავი რესურსი აქვს წყლის სახით, რომლის 80 პროცენტიც აუთვისებელია და ათვისების შემთხვევაში, ექსპორტის გზით მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვა შეიძლება.
ნარმანია თვლის, რომ ადგილობრივი გენერაციის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჰესების მშენებლობა სასურველია, განახლდეს და დაჩქარდეს.
„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია და მეტი გენერაციის შემქნა. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, ანუ მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება. ნორმალურ პირობებში და ეს ევროპულ ქვეყნებშიც ასეა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, დაახლოებით იმდენით იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებში გვქონდა, თუმცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 7-8 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა. ანუ ჩვენთან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც სამი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი ეს არის ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის ძალიან აქტიური პოლიტიკა, მათ შორის „აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან და სხვა პროგრამებიდან გამომდინარე ბევრი ახალი საწარმო გაჩნდა; კრიპტოინდუსტრია არის მეორე ფაქტორი. კრიპტოვალუტის წარმოება ანუ ე.წ. მაინინგი ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს და ჩვენი მოხმარების 10 პროცენტზე მეტი სწორედ მაინინგზე მოდის; მესამე ფაქტორია ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი. ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპის ქვეყნები, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადავიდნენ. ჩვენთანაც გადადიან, მაგრამ ტემპია დასაჩქარებელი. ამ ფაქტორების ერთობლიობა ელექტროენერგიაზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გაჩერებული ჰესების მშენებლობა დავაჩქაროთ“, – განმარტა ნარმანიამ.
მისი თქმით, თუ ქვეყანამ ჰესები არ განავითარა, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ძვირი ელექტროენერგია ექნება.
„ჩვენს გარშემო რეგიონიდან იმპორტირებული ენერგია უფრო ძვირი გვიჯდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა მაღალი დეფიციტი წარმოგვეშვება. მთელ რიგ შემთხვევებში ადგილზე უფრო იაფი ენერგიის წარმოება შეგვიძლია. ამიტომ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის მოსახლეობასთან, რომ ისეთი ჰესების მშენებლობა მაინც გაგრძელდეს და დაიძრას, რომლებიც გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას არ ახდენენ. თუ არის გარემოზე ძალიან მძიმე უარყოფითი ზეგავლენის მქონე, მხოლოდ ასეთ პროექტებზე შეიძლება უარი ვთქვათ, მაგრამ დღეს რამდენიმე ისეთი პროექტია გაჩერებული, რომლებზეც ძალიან ბევრი დადებითი დასკვნაა. ამიტომაც, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ჰესები უნდა აშენდეს, სხვანაირად უნდა შევეგუოთ იმას, რომ ძვირი ელექტროენერგია გვექნება. ყოველთვის ელექტროენერგიის შესაძენად ვალუტა ქვეყნიდან გარეთ გაედინება და ჩვენი ქვეყნისთვის ვალუტის გადინება მაკროეკონომიკური კუთხითაც არ არის სასურველი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.