დავით ნარმანია - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მთავარი არსი არის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებების მთავარი არსი არის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, როდესაც ენერგეტიკის სისტემაში ხუთ პროცენტზე მეტი წილის გაყიდვა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ.
ნარმანიას თქმით, მეორე მოსმენისთვის კანონში ცვლილებები დაზუსტდა.
„უზრუნველყოფილი იქნება ღიაობა და გამჭვირვალობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მარეგულირებელ კომისიას ეცოდინება ინფორმაცია, ეს იქნება დაზღვევის გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რომ არასასურველი ოკუპანტი ქვეყნის ან სხვა ისეთი პირი არ მოხვდეს ენერგეტიკის სისტემაში, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესები შელახოს. გარდა ამისა, ხელი შეუშალოს მომსახურების ხარისხიან და ნორმალურ ფასად მიწოდებას“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი განმარტებით, დაზუსტდა ორი საკითხი.
„კერძოდ ორი მუხლის ფორმულირებიდან „და სხვა“ ჩანაწერი იქნა ამოღებული, ასეთი, შედარებით ზოგადი ჩანაწერები არსებობდა თავდაპირველ ვარიანტში. გარდა ამისა, ჩვენი შეთავაზება დავამატეთ, რომლის მიხედვითაც კანონი არ შეეხება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, ამ დათქმებით დღეს წარმოდგენილია კანონპროექტი და ვფიქრობთ, სხვა რამე სახის არსებითი ცვლილება არ დაგვჭირდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) უფლებამოსილი ხდება, გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) ხუთი ან ხუთ პროცენტზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს. პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.