დავით მესხიშვილი - გზებზე საცობებს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, გამოსავალი არის სატრანსპორტო სტრატეგიის და მრავალწლიანი გეგმის შემუშავება
დავით მესხიშვილი - გზებზე საცობებს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, გამოსავალი არის სატრანსპორტო სტრატეგიის და მრავალწლიანი გეგმის შემუშავება

გზებზე საცობებს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, – ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„წლების განმავლობაში იგნორირებული იყო სატრანსპორტო დასკვნები და სამშენებლო ნებართვების გაცემისას კვლევები არ კეთდებოდა. საცობების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. არის კიდევ მიზეზი, რომელიც ნაკადებს უკავშირდება. დედაქალაქში კონცენტრირებულია უფრო ბევრი ავტომობილი, ვიდრე თუნდაც, წინა თვეებში. მხოლოდ რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომობილებს არ ვგულისხმობ, ზოგადად გაზრდილია ავტომობილების ნაკადი და ესეც წამახალისებელი ფაქტორია საცობების. პლუს, ამას ემთხვევა ის, რომ ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის მზად ბევრი ნაკადის გასატარებლად და როგორც ჩანს, მოსაწესრიგებელია. სამშენებლო სამუშაოები, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს, გარკვეულწილად, ასევე აფერხებს საგზაო მოძრაობას და საცობებს ასევე იწვევს საგზაო მოძრაობის წესების არცოდნა, უგულებელყოფა და დარღვევა“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, 30 წელია, დედაქალაქის განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს და ასეთ უბნებში გზების გამტარუნარიანობაზე საუბარიც კი უხერხულია.

„რამდენიმე ქუჩაზეც რომ ვთქვათ, პირდაპირ შეუძლებელია, საცობი არ იყოს ზემო ვერაზე და მთაწმინდაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს და ყოველთვის მიმდინარეობდა. თავისთავად ცხადია, იქ გზის გამტარუნარიანობაზე საუბარიც კი უხერხული გამოდის. ასეთ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურეობის მიწოდება ძალიან რთულია და ამიტომ, ავტომობილების მოძრაობის კოეფიციენტი არის მაღალი“, – განაცხადა მესხიშვილმა.

როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, გამოსავალი არის სატრანსპორტო სტრატეგიის და მრავალწლიანი გეგმის შემუშავება.

„ჩვენ არ ვიცით, სტრატეგია რა არის, მომავალი რა არის ამ ქალაქის. ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალაქი, ელექტრობომილების, ქვეითების, თუ როგორ. ჩვენ არ ვიცით, ვინ უნდა იყოს პრიორიტეტი და ამიტომ, ყველა ამბობს თავის გამოსავალს, მაგრამ ჩემი აზრით, მერიისთვისვე ძალიან კარგი იქნება ასეთი სტრატეგიის არსებობა, რადგან იტყვის, მე მივყვები მკაცრად განსაზღვრულ გეგმას, გეგმის საბოლოო მიზანი არის ეს, კონკრეტულად რაღაც და როდესაც რეფორმების დროს კრიზისი შეიქმნება, მოსახლეობა უფრო გაგებით მოეკიდება, რადგან ეცოდინება, რომ ამ რეფორმების საბოლოო მიზანი არის ეს კონკრეტული რაღაც“, – განაცხადა მესხიშვილმა.

ამასთან, დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველანაირ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის ჩამოყვანა შეიძლება, რაც სოციალური ფონის გათვალისწინებით გასაგებია, მაგრამ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ეკოლოგიის კუთხით მნიშვნელოვანია, სამომავლოდ დაიწყოს შემოსული ავტომობილების კონტროლი, რომ ისინი უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებდეს.