დავით მესხიშვილი - არ მოგვწონს, რომ „სითი პარკის“ ფუნქცია გადაიბარა სატრანსპორტო კომპანიამ, რომელსაც ეს საქმე არასდროს უკეთებია
სამწუხაროდ, დედაქალაქის მერიას და საერთოდ, საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკა არ აქვს, – ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„თბილისის მერის საარჩევნო პროგრამაში ძალიან ბევრი რამ კარგია და მომწონს, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მესხიშვილის თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის აზრით, ცუდია, რომ „სითი პარკის“ ფუნქცია გადაიბარა სატრანსპორტო კომპანიამ, რომელსაც ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ აქვს.
„სატრანსპორტო კომპანიას ეს საქმე არასდროს უკეთებია, არც კარგად და არც ცუდად. თან აწყობილი სისტემა კი არა, ძალიან ცუდი, მახინჯი მოდელი გადაიბარა. ჩვენ ეს არ მოგვწონს და მიგვაჩნია, რომ ასეთი რთული, ნულიდან დასაწყები საქმე ისეთმა კომპანიამ უნდა აკეთოს, რომელსაც წლების გამოცდილება აქვს და რაღაც წარმატებისთვის მიუღწევია“, – განაცხადა მესხიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გამოსავალი საპარკინგე ადგილებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვა, დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ პარკირების თვალსაზრისით, ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს და ასეთ დროს როგორი ბიზნესმენიც არ უნდა მოვიდეს, ახალ ადგილებს ვერ გააჩენს. მესხიშვილის აზრით, სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქის განვითარების მოდელი უნდა არსებობდეს.
„ძალიან ბევრ ადგილას, პარკირების ადგილებზე ბუნკერები დგას, ბევრგან კი პარკირების საჯარო ადგილები კერძო თუ იურიდიული პირების მიერაა მითვისებული და შემოღობილი. გარდა ამისა, მშენებლობის ნებართვები ისეთ მრავალსართულიან კორპუსებზეა გაცემული, რომლებსაც პროექტში პარკირების ადგილები გათვალისწინებული არ აქვთ. ამ პრობლემების მოგვარება მერიას დღესვე შეუძლია“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.