დავით მათიკაშვილი - გვჯერა, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული ნარკოპოლიტიკა ქვეყნის ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება
ღრმად გვწამს, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული ნარკოპილიტიკა ჩვენი ქვეყნის ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვიმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობისას ეკლესიისა და საზოგადოების პოზიციის გათვალისწინებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ნარკოპოლიტიკა და მისი იმ სახით გარდაქმნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან იქნება ნაკარნახევი, დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევას წარმოადგენს. საპატრიარქოს და ეკლესიის, ასევე ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის, რომ ამ პროცესს ცოტა ხანგრძლივი მიმართულება გააჩნია. ნარკოპოლიტიკასთან არსებული საკითხები ასე მოკლე დროში ვერ გადაწყდა და ვერც გადაწყდებოდა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის მიდგომა, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს, ჩვენი ქვეყნის ყველა ჯგუფისთვის მისაღები იქნება“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ორი საკითხი, ნარკორეალიზატორების მკაცრად დასჯა და ნარკომომხმარებლების მკურნალობაა მნიშვნელოვანი.
“აქ გამოკვეთილია ორი მიმართულება. ერთი, რომ ნარკოგამსაღებელი აუცილებლად ძალიან მკაცრად დასჯილი უნდა იყოს, მის მიმართ პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება უნდა მოხდეს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხმარებელს, მიჩნეულია, რომ მომხმარებელთან დაკავშირებით პოლიტიკა დაავადებასთან, მკურნალობასთან დ რეაბილიტაციასთან მიმართებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით ვცდილობთ სამომავლო ნარკოპოლოტიკისთვის ისეთი პლაცდარმი შევქმნათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა ჯგუფს მეტ მაკლებად დააკმაყოფილებს. ეს არსებითი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ დიდი პრობლემისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ხანია აწუხებს”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადების სულისკვეთებას, რომ კანონპროექტი შესაბამისად მომზადებული ჯერ არ არის.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.